Loading data...
შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა - Axios

გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ისრაელის არმიისთვის ამერიკული წარმოების საბრძოლო მასალის მიწოდება პირველად შეაჩერა მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერში „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Axios-ს ისრაელის ორმა ოფიციალურმა წყარომ განუცხადა.

წყაროების თქმით, შეერთებული შტატებიდან იარაღის მიწოდების შეჩერებამ ისრაელის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია. მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ იციან. თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთება უარყო.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების შესახებ მზარდი უთანხმოების ფონზე გახდა ცნობილი. კერძოდ, აშშ არ ეთანხმება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას, სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს რაფაში, სადაც მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებს თავს. 

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის ძალები რაფაში შევლენ იმის მიუხედავად, მიაღწევენ თუ არა „ჰამასთან“  მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას. 

ბაიდენს დემოკრატები და მოქალაქეები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ისრაელი ამერიკული იარაღის მეშვეობით ღაზაში ჰუმანიტარულ კანონს არღვევს და მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ თებერვალში ისრაელს მოსთხოვა გარანტია იმის შესახებ, რომ ამერიკული წარმოების იარაღს ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენებდნენ.  ისრაელმა გარანტიის წერილს ხელი მარტში მოაწერა.