შეერთებულმა შტატებმა, დანიამ და გრენლანდიამ არქტიკული კუნძულის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა არქტიკული კუნძულის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
მხარეებმა დადეს შეთანხმება „გრენლანდიაში აშშ-ის მნიშვნელოვანი სამხედრო ყოფნის განვითარების შესახებ“, რაც, ამავდროულად, ვაშინგტონის მოწინააღმდეგეებს კუნძულზე საკუთარი ბაზების აშენებას უკრძალავს.
გრენლანდიის მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი დოკუმენტი მხარეებს შორის 1951 წლის შეთანხმების მოქმედების ვადას ახანგრძლივებს.
„ამ შეთანხმებამ უნდა დაასრულოს ყველა სპეკულაცია იმის შესახებ, თუ ვის მხარეს დგას გრენლანდია. ჩვენ მომავალშიც დავრჩებით აშშ-ის მეგობრებად და დასავლური ალიანსის ნაწილად“, - განაცხადა ნილსენმა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და დანია უკვე მრავალი წელია, მოკავშირეები არიან. მან მადლიერება გამოხატა ვაშინგტონის მიმართ თავისუფალი სამყაროს, კერძოდ კი გრენლანდიის დაცვისთვის.
„ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დანიის სამეფოს მეგობარია. ეს ჩვენი გრძელვადიანი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს უფრო მასშტაბური და უკეთესი შეთანხმებაა [1951 წლის შეთანხმებასთან შედარებით]. შეთანხმება, რომელიც შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს“, - დასძინა ფრედერიქსენმა.
ახალი შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ შეერთებულ შტატებს მიეცემა ნებართვა, განათავსოს სამხედრო ბაზები სამხრეთ გრენლანდიაში, ნარსარსუაკის მახლობლად და კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე მესტერსვიგში.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ორივე მთავრობის მეთაურს. ჩვენ გვექნება ფანტასტიკური და საიმედო ურთიერთობები. ეს შესანიშნავია ევროპისთვის, შეერთებული შტატებისთვის და ყველასთვის. ეს შესანიშნავი იქნება გრენლანდიისთვისაც“, - აღნიშნა ტრამპმა.