შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო, უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
შავ ზღვაში ორ თურქულ გემზე თავდასხმის შემდეგ ანკარაში უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, შეხვედრის დროს თურქმა ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, ქონების, ნაოსნობისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას და „შესაბამისი გაფრთხილებები გასცეს“.
გამოცემის ცნობით, გემ Lider Bordo Mavi-ზე თავდასხმა 26 აგვისტოს შავ ზღვაში, რუსეთის საპორტო ქალაქ ტუაფსეს მახლობლად განხორციელდა. მომდევნო დღეს თავდასხმის სამიზნე გემი Lider Kocatepe გახდა, რომელიც პირველი გემის ბუქსირებისთვის იყო გაგზავნილი.
მანამდე, 4 აგვისტოს, თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომები მიეღოთ. ანკარაში ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც რუსეთის პორტ ნოვოროსიისკთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად თურქეთის კუთვნილი გემი დაზიანდა, ეკიპაჟის სამი წევრი კი მძიმედ დაშავდა.
რამდენიმე დღის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი შავ ზღვაში ზოგიერთი კომერციული გემის გადაადგილებას ზღუდავს, რადგანაც ანკარა რეგიონში რუსეთისა და უკრაინის მხრიდან გემებზე თავდასხმების ზრდის გამო შეშფოთებულია.