Loading data...
სეუტას მერი: ქალაქში 5 000-მდე მიგრანტი რჩება, დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

„სეუტაში 5 000-მდე მიგრანტი რჩება, 100 ადამიანი დაიღუპა“, – ამის შესახებ ქალაქის მერმა ხუან ხესუს ვივასმა განაცხადა.

როგორც BBC იუწყება, ვივასმა აღნიშნა, რომ ესპანეთის ანკლავ სეუტაში გასულ კვირას განვითარებული მიგრაციული კრიზისის შემდეგ კვლავ რჩება 3000-დან 5000-მდე მიგრანტი. მისი თქმით, მაროკოდან სეუტაში რამდენიმე საათში დაახლოებით 78 000 მიგრანტი გადავიდა, რასაც 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვივასმა მომხდარს „გამოუსწორებელი ტრაგედია“ უწოდა.

მისივე განცხადებით, მაროკოში დაახლოებით 75 000 მიგრანტის დაბრუნებამ ვითარება მნიშვნელოვნად შეამსუბუქა, თუმცა სეუტაში მდგომარეობა სტაბილური ამჟამადაც არ არის.

ვივასმა გააკრიტიკა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და განაცხადა, რომ ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებული და არასაკმარისი იყო.

ამასთან, მაროკოული მედია იუწყება, რომ სოციალურ ქსელებში კვლავ ვრცელდება მოწოდებები სეუტაში მასობრივი გადასვლის ახალი მცდელობის შესახებ.