სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები მოისმინოს
რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები მოისმინოს, თუმცა ნებისმიერი წინადადება უნდა ასახავდეს „ადგილზე არსებულ რეალობას“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა News.ru-თან ინტერვიუში განაცხადა, წერს Reuters-ი.
რიაბკოვის თქმით, აშშ-მა გამოხატა „კონსტრუქციული დიალოგისთვის“ მზადყოფნა და „გაიგო რუსეთის პოზიცია“.
„ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამდენად შეუძლია ვაშინგტონს, გავლენა მოახდინოს კიევის რეჟიმისა და მისი ევროპელი სპონსორების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ოცნებობენ რუსეთის „სტრატეგიულ დამარცხებაზე“, - განუცხადა მან მედიას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გასულ თვეს მანილაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.
თუმცა რუბიომ აღნიშნა, რომ შეთანხმების სწრაფად მიღწევა არ იგეგმება და აშშ „შუალედური პოზიციის პოვნას“ ცდილობს.
რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, მოუსმინოს რუბიოს ახალ იდეებს და გააგრძელოს დიალოგი ვაშინგტონთან.
„რუსეთის ფედერაცია მზადაა, მოუსმინოს ნებისმიერ გონივრულ წინადადებასა და იდეას, რომელიც შეესაბამება რუსეთის პრეზიდენტის მიერ დასახულ მიზნებს და შეესაბამება „ადგილზე არსებულ რეალობას“, - განაცხადა მან.
ინტერვიუში რიაბკოვმა ასევე მიანიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აშშ-თან ბირთვული იარაღის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებით.
„ჩვენ მომავალში კვლავ ღია ვრჩებით პოლიტიკური და დიპლომატიური გზების მოსაძებნად, რათა ამ სფეროში სტაბილიზაციას მივაღწიოთ“, - განაცხადა რიაბკოვმა.