Loading data...
სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ ნატოს წარმომადგენლის მონაწილეობამ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში დადებითი ეფექტი იქონია

ნატოს წარმომადგენლის მონაწილეობამ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით გუშინ აბუ-დაბიში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში დადებითი ეფექტი იქონია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ალექსუს გრინკევიჩის ყოფნამ დისკუსიებს დასავლეთის მხრიდან მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმი შესძინა.

„როგორც გესმით, ჩვენი სამხედრო წარმომადგენლებიც იქ იყვნენ. ისინი სრულად იცნობენ მთელ ამ მასალას და ძალიან პროფესიონალურად მუშაობდნენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

რიაბკოვმა ასევე დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი გარკვეულ „მიზანდასახულობას“ ავლენს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზების ძიებისას.

„ვერავინ უარყოფს შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის კონფლიქტის გადაჭრის გზების პოვნის მცდელობებს“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

რუსი დიპლომატის თქმით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში გარკვეული პრაქტიკული შედეგების მიღწევა შესაძლებელია.