Loading data...
სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს სურს, იცოდეს, შეცვალა თუ არა დონალდ ტრამპმა უკრაინის ომთან დაკავშირებით თავისი პოზიცია „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს სურს, იცოდეს, ნამდვილად შეცვალა თუ არა დონალდ ტრამპმა უკრაინის ომთან დაკავშირებით თავისი პოზიცია მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამ თვეში „დიდი შვიდეულის“ (G7-ის) სამიტზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიდგომა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე შეიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

მაკრონმა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში „დიდი შვიდეულის“ სამიტს მასპინძლობდა, განაცხადა, რომ ტრამპმა მოლაპარაკებების დროს აღიარა, რომ რუსეთს უკრაინაში მშვიდობა არ სურს და რომ ეს აშშ-ის მხრიდან „მიდგომის რეალურ ცვლილებაზე“ მეტყველებს.

„რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ გვსურს, გავიგოთ, რა მოხდა ევიანში. ამერიკელებმა ჯერ არ გვითხრეს, რა წაიღეს ევიანის სამიტიდან, ან როგორი იქნება მათი სამომავლო ქმედებები“, - განაცხადა ლავროვმა მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე.

რუსმა დიპლომატმა ასევე დაიმოწმა მაკრონის სიტყვები, რომ გასული წლის აგვისტოში ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში მიღწეული შეთანხმება ევიანში „დაიმარხა“.

როგორც Reuters-ი წერს, რუსი ოფიციალური პირები რეგულარულად ახსენებენ ე.წ. ანკორიჯის სულს, რაც, ანალიტიკოსების თქმით, მოსკოვმა შესაძლო შეთანხმების საფუძვლად აღიქვა, რომლის მიხედვითაც, უკრაინული ძალები აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონის დანარჩენი ნაწილიდან გავლენ, სანაცვლოდ კი მოსკოვი სხვაგან საბრძოლო ხაზებს გაყინავს.  

კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავისი ტერიტორიის არცერთ ნაწილს რუსეთს ბრძოლის გარეშე არ გადასცემს.

ლავროვის თქმით, ანკორიჯში გამართული შეხვედრის დროს პუტინმა ხელი მოაწერა აშშ-ის წინადადებას.

„ანკორიჯში მან [პუტინმა] პრეზიდენტ ტრამპს უთხრა: „აქ არის გარკვეული ნიუანსები, მაგრამ მე ვიღებ მათზე პასუხისმგებლობას; მე ვიღებ თქვენს წინადადებებს“. ეს უკვე კომპრომისი იყო. ახლა კი გვეუბნებიან: „მომისმინეთ, ჯერ არ გამოდის - მოდით, კიდევ ერთ დათმობაზე წავიდეთ“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვს ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გაგრძელება სურს და მოუთმენლად ელის ტრამპის წარმომადგენლების - სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის - მოსკოვში მორიგ ვიზიტს.

თუმცა მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო და წუხილი გამოთქვა, რომ ორმა ქვეყანამ ვერც კი შეძლო პირდაპირი ფრენების განახლება, ან აშშ-ის ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული რუსული დიპლომატიური ქონების დაბრუნებაზე შეთანხმება.

ლავროვმა დასძინა, რომ აშშ-ს არც რაიმე შეზღუდვა დაუწესებია იმ იარაღზე, რომელსაც ევროპული ქვეყნები მისგან უკრაინისთვის ყიდულობენ.