სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა „ახალი, სამართლიანი“ მსოფლიო წესრიგისთვის იბრძვიან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას განუცხადა, რომ მათი ქვეყნები „ახალი და სამართლიანი მსოფლიო წესრიგის“ დამყარებაზე მუშაობენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩოე სონ ჰუისადმი გაგზავნილ წერილში ლავროვმა ასევე დაადასტურა მოსკოვის დაპირება, გააძლიეროს თანამშრომლობა ყველა სფეროში და წვლილი შეიტანოს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში.
ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი აგრძელებენ „ახალი და სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამყარებას ნამდვილი თანასწორობისა და ეროვნული ინტერესების საფუძველზე“, - ნათქვამია ლავროვის წერილში.
„კორეის სახალხო არმიის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა კურსკიდან უკრაინელი ნაცისტური ჯგუფისა და უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების განდევნის ოპერაციებში სამხედრო სფეროში მეგობრობის იმ ტრადიციის ნათელი დასტურია, რომელიც გმირი წინა თაობების მიერ ყალიბდებოდა“, - განაცხადა ლავროვმა.
Reuters-ი იხსენებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 2024 წლის ბოლოს რუსეთში დაახლოებით 14 000 ჯარისკაცი გაგზავნა, რათა მოსკოვს კურსკის ოლქში უკრაინის მასშტაბური შეჭრის მოგერიებაში დახმარებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2025 წლის მაისში გამარჯვება გამოაცხადა და ფხენიანს დახმარებისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა.