Loading data...
სერგეი ლავროვი ფრიდრიხ მერცზე: ის, ფაქტობრივად, ომს გვიცხადებს

„დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ლაიფციგში დრონის გამო წაყენებული ბრალდებები ნამდვილი ომის დასაწყისია“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა. 

სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთმა არც კი შეიწუხა თავი იმის გარკვევით, თუ ვისი დრონი ჩამოვარდა ლაიფციგში.

„ლაიფციგი, აეროპორტი... რაღაც დრონი იპოვეს. თქვეს, რომ რუსული დრონი იყო, არავის შეუწუხებია თავი გამოძიებით. ეს, ფაქტობრივად, ნამდვილი ომის დასაწყისია“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

მისივე თქმით, ასეთი თამაში „აბსოლუტურად მიუღებელია“.

„არა მგონია, ბევრი ახსნა დამჭირდეს. მერცის ყველა ეს განცხადება გერმანიის ევროპაში წამყვან სამხედრო ძალად ხელახლა გადაქცევის შესახებ - პრაქტიკაში ხორციელდება. ის, ფაქტობრივად, ომს გვიცხადებს“, - აცხადებს სერგეი ლავროვი. 

ინფორმაციისთვის, პირველ სექტემბერს გერმანიამ განაცხადა, რომ აგვისტოს დასაწყისში აეროპორტში უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავის წინააღმდეგ დრონით თავდასხმის მცდელობის უკან რუსეთი იდგა.

გერმანიამ ბონში რუსეთის საკონსულოს და ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვის შესახებ განაცხადა. 

თავის მხრივ, რუსეთი ლაიფციგში მომხდარ თავდასხმასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.