სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის ფაქტზე 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ყოფილი მშენებლობის მინისტრი - AP
სერბეთში რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 11 ადამიანი დააკავეს. მიმდინარე თვის დასაწყისში ქალაქ ნოვი-სადში მომხდარ ინციდენტს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო AP-ი სერბეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებები, საზოგადოებრივი საფრთხის გამოწვევა და სამშენებლო წესების დარღვევა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არის გორან ვესიჩი, რომელმაც ტრაგედიის შემდეგ მშენებლობის მინისტრის თანამდებობა დატოვა.
დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრაგედიამ პასუხისმგებელ პირთა დასჯის მოთხოვნით საპროტესტო ტალღა გამოიწვია.
ცნობისთვის, ნოვი-სადის სადგურის შესასვლელში სახურავი 1-ელ ნოემბერს მოულოდნელად ჩამოინგრა. სადგურის რეკონსტრუქცია, სადაც ტრაგედია მოხდა, ჩინელმა კონტრაქტორმა ჩაატარა.