Loading data...
სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა

„სერბეთის მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ (SNS) ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი საარჩევნო სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა“, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს, რომელსაც თავად ვუჩიჩიც ესწრებოდა. „პროგრესულმა პარტიის“ თავმჯდომარის მილოშ ვუჩევიჩის თქმით, საარჩევნო სუბიექტი არჩევნებში სახელწოდებით „ალექსანდრ ვუჩიჩი – ერთიანი სერბეთი“ მიიღებს მონაწილეობას.

„მინდა, აღვნიშნო, რომ სერბეთის „პროგრესული პარტიის“ მთავარმა ბიურომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ სახელწოდებით „ალექსანდრ ვუჩიჩი – ერთიანი სერბეთი“. ალექსანდრ ვუჩიჩი სიის პირველი ნომერია, ის ჩვენი კანდიდატია პრემიერ-მინისტრის პოსტზე“, – განაცხადა SNS-ის თავმჯდომარემ მილოშ ვუჩევიჩმა.

ალექსანდრ ვუჩიჩმა კანდიდატად დასახელებას დიდი პატივი უწოდა და აღნიშნა, რომ მომავალი მთავრობა ეფექტური უნდა იყოს და პრემიერ-მინისტრთან ერთად 12 მინისტრისგან შედგებოდეს. მისივე თქმით, პრიორიტეტულია სიაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩართვა.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სიაში იყვნენ ახალგაზრდები. და თქვენ უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შეიყვანოთ მასში“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ცნობისთვის, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი, რაც ქვეყანაში მასშტაბურ ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციებს მოჰყვა. პროტესტი 2024 წლის ნოემბერში ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, სადაც კონსტრუქციის ჩამოშლას 16 ადამიანი ემსხვერპლა.