Loading data...
სენატორი ლინდსი გრემი: ჩემი რჩევა ტრამპსა და რუბიოს, უნდა დაარწმუნოთ პუტინი, რომ თუ ეს ომი სამართლიანად არ დასრულდება, რაც მოიცავს უკრაინისგან დათმობებსაც, ჩვენ რუსეთის ეკონომიკას გავანადგურებთ

ჩემი რჩევა პრეზიდენტ ტრამპსა და მარკო რუბიოს, თქვენ უნდა დაარწმუნოთ პუტინი, რომ თუ ეს ომი სამართლიანად და ღირსეულად არ დასრულდება, რაც მოიცავს უკრაინის მიერ დათმობებზე წასვლასაც, ჩვენ რუსეთის ეკონომიკას გავანადგურებთ, ჩვენ გვაქვს ამის გაკეთების შესაძლებლობა, - ამის შესახებ სენატორმა ლინდსი გრემმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გრემის თქმით, ტარიფების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთისგან ნავთობსა და გაზს ყიდულობენ, გადამწყვეტია ომის დასრულებისთვის. გრემმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ტარიფები, რომლებიც ტრამპმა ინდოეთს დაუწესა, გახდა მიზეზი, რამაც პუტინს ალასკაზე ჩასვლა აიძულა.

„თუ შემდეგ ეტაპზე გადავალთ და ჩინეთს ვეტყვით, რომ შემდეგი თქვენ ხართ, მაშინ ვფიქრობ, რომ ამ ომის დასრულებას შევძლებთ. პლანეტაზე მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისაც ამ ომის დასრულება შეუძლია, არის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. თუ ის პუტინთან მივა და ეტყვის, რომ ამ ომის დასრულების დროა, მე აღარ შემიძლია, დაგეხმაროთ, რადგან თქვენ ჩემს ქვეყანას საფრთხეში აყენებთ, ეს ომი დასრულდება“, - აღნიშნა გრემმა.

ამასთან, გრემმა ევროპელ მოკავშირეებს მიმართა და იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა.

„ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ვეტყვი – გააქტიურდით. შეწყვიტეთ იმაზე წუწუნი, რას არ ვაკეთებთ ჩვენ, ამერიკაში და თავად გააკეთეთ მეტი. დააწესეთ ტარიფები ყველა ქვეყნისთვის, რომელიც იაფად ყიდულობს რუსულ ნავთობსა და გაზს პუტინის საომარი მანქანის მხარდასაჭერად. გააკეთეთ ის, რასაც ტრამპი აკეთებს“, - განაცხადა გრემმა.

ამასთან, გრემმა აღნიშნა, რომ ალასკაზე გამართული შეხვედრა საკმაოდ წარმატებული იყო.

„ყველა მედიაანალიტიკოსს, ვინც ამბობს, რომ ეს ჩავარდნა იყო, ვეტყვი, რომ ეს სასაცილოა. ჩვენ გვაქვს პროგრესი, რაც აქამდე არ გვქონია. ჩვენ გვაქვს მშვიდობის იმპულსი. ვნახოთ, რა მოხდება. მე ამას ტრამპს მივანდობ“, - აღნიშნა გრემმა.