Loading data...
საუდის არაბეთის ბაზაზე ირანის საჰაერო იერიშის შედეგად AWACS-ის ტიპის ამერიკული თვითმფრინავი განადგურდა

ირანის მიერ საუდის არაბეთის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს ამერიკული „მფრინავი რადარი“, თვითმფრინავი Boeing Е-3 Sentry იყო განადგურებული, რომელიც AWACS-ის სისტემით არის აღჭურვილი. ამის შესახებ BBC იუწყება.

წინასწარი ინფორმაციით, განადგურებული თვითმფრინავის ფოტოები „პრინც სულთანის“ ავიაბაზაზეა გადაღებული, რომელიც ერ-რიადიდან 100 კმ-ში მდებარეობს. ფოტოების დეტალები თანამგზავრულ ფოტოებსაც ემთხვევა.

ირანული მედიის ცნობით, 29 აპრილს განხორციელებული იერიშის დროს ამერიკული E-3-ის ტიპის თვითმფრინავი დაზიანდა. მასზე შეტევა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.

გაზეთი Wall Street Journal იუწყება, რომ ავიაბაზაზე საჰაერო იერიშის დროს ასევე ორი მფრინავი ტანკერი დაზიანდა. როგორც სააგენტო Reuters-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აცნობა, შეტევის დროს 12 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა.

Boeing E-3 Sentry სამგზავრო ავიალაინერის, Boeing 707-ის ბაზაზე არის შექმნილი, მას გააჩნია რადიოსალოკაციო დისკო, რომელიც ტრიალებს და თვითმფრინავის ფიუზელაჟის უკანა ნაწილშია განთავსებული. ამ ტიპის თვითმფრინავებს სხვა თვითმფრინავების, რაკეტების და დრონების აღმოჩენა შეუძლიათ ასობით კილომეტრის მანძილზე და ამ ინფორმაციას შემდეგ ავიაგამანადგურებლებს აწვდის.

ახლა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში 16 ასეთი თვითმფრინავი დარჩა.

აშშ-ის ცენტრალურ სამხედრო მეთაურობას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.