საუდის არაბეთი ირანს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ ის საჰაერო შეტევებს არ შეწყვეტს
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარხან ალ-საუდიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების უფლებას იტოვებს. ეს განცხადება მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საუდის არაბეთის დედაქალაქის, ერ-რიადის მახლობლად ირანული ბალისტიკური რაკეტები იყო განადგურებული და თეირანი არაბული ქვეყნების ნავთობის ობიექტებზე შეტევებს განაგრძობს. ინფორმაციას pravda.com.ua ავრცელებს.
„ჩვენ ვიტოვებთ საპასუხო ზომების უფლებას, თუ ამის აუცილებლობა დადგა და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკური რესურსების დაცვაზე უარის თქმას. ირანის გზავნილი ძალზე მკაფიო იყო. ერ-რიადზე შეტევა ბალისტიკური რაკეტებით, როდესაც იქ დიპლომატების შეხვედრა მიმდინარეობდა, შემთხვევითი არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ფეისალ ალ-საუდიმ განაცხადა, ირანი ცდილობს თავის მეზობლებზე ზეწოლა მოახდინოს, მაგრამ „ეს პრინციპი არ იმუშავებს“.
„საუდის არაბეთი ზეწოლას არ დაემორჩილება. მასზე ზეწოლას უკუეფექტი ექნება“, - განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ბოლო დღეებში აშშ-მა და ისრაელმა ირანის ნავთობის და გაზის ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყეს. ირანი კი საუდის არაბეთის, არაბეთის საამიროების, კატარის და სხვა მეზობელი ქვეყნების ნავთობის და გაზის ობიექტებს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით უტევს. ბოლო იერიშის შედეგად QatarEnergy-ს რამდენიმე ობიექტებზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.