Loading data...
„საუბრები უწყვეტად მიმდინარეობდა“ - ტრამპმა უარყო ირანული მედიის ცნობები, რომ მოლაპარაკებები შეჩერებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ირანული მედიის ცნობები, თითქოს თეირანმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებები შეაჩერა.

„ჩვენ შორის საუბრები უწყვეტად მიმდინარეობდა - ოთხი დღის წინ, სამი დღის წინ, ორი დღის წინ,  ერთი დღის წინ და დღესაც“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპმა, ასევე, აღნიშნა: „სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი, არავინ იცის, მაგრამ ირანს ვუთხარი: „დროა, ასე თუ ისე, შეთანხმება გააფორმოთ“. 

ცნობისთვის, ტრამპის განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა აშშ-სთან არაპირდაპირი მოლაპარაკებები შეაჩერა, რაც უკავშირდებოდა ისრაელის მუქარებსა და სამხედრო მოქმედებებს. ამ ეტაპზე ვაშინგტონი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, ხოლო თეირანის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი სიგნალები ისმის.