Loading data...
სასამართლომ ტრამპს 500 მლნ დოლარის ჯარიმა გაუუქმა

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 500 მლნ დოლარის ოდენობის ჯარიმა გაუუქმა. საქმე ეხებოდა სამოქალაქო სარჩელს თაღლითობის შესახებ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ამასთანავე, სასამართლომ ძალაში დატოვა ბრალდებები, რომლებიც დოკუმენტების გაყალბებას ეხება. სამოქალაქო სარჩელი ტრამპის სამი შვილის წინააღმდეგ სასამართლოში 2022 წლის სექტემბერში იყო შეტანილი. მოგვიანებით ივანკა ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი მოიხსნა.

პროკურატურის ცნობით, საკითხი ეხება კომპანიის, Trump Organization-ის აქტივების შეფასებას, რომელიც ხელოვნურად იყო გაზრდილი, რათა კრედიტები და დაზღვევის ხელშეკრულებები მოგებიან პირობებზე გაფორმებულიყო.

2024 წლის თებერვალში ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 354,9 მლნ დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა, ხოლო მის შვილებს, ერიკსა და დონალდ ტრამპ-უმცროსს სასამართლომ რანდენიმე წლის განმავლობაში კომპანიების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება აუკრძალა.

თავად დონალდ ტრამპი ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა და მის დახურვას მოითხოვდა.

გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ახლა საქმე ნიუ-იორკის შტატის უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს.