საფრანგეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 420 პირი დააკავეს - მათ შორის 166 არასრულწლოვანია
„საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ტყის ხანძრების განზრახ ან გაუფრთხილებლობით გაჩენის ბრალდებით 420 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 166 პირი არასრულწლოვანია“,- ინფორმაციას BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთ შემთხვევაში 23 წლის მამაკაცს ბრალად ედება გასულ თვეში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის ვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხუთი დღის განმავლობაში ათი ხანძრის განზრახ გაჩენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15 წლამდე პატიმრობა და 150 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
მედიასთან საუბრისას ექსპერტები განმარტავენ, რომ საფრანგეთში ხანძრების უმრავლესობა არა განზრახ, არამედ გაუფრთხილებლობით - სამშენებლო სამუშაოებისას გაჩენილი ნაპერწკლებით, გაუმართავი ტექნიკით, სიგარეტის ნამწვით თუ ტყეში დანთებული კოცონით ჩნდება.
ამ დროისთვის საფრანგეთში ხანძრებთან დაკავშირებული მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და ტურისტებს რეგიონებში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.