Loading data...
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

BBC-ი წერს, რომ პირველი შემთხვევაა, როცა მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულ გაერთიანებას“ რეალური შანსი აქვს, მართოს მთავრობა და კონტროლი მოიპოვოს ეროვნულ ასამბლეაზე, თუმცა, გასულ კვირას გამართულ პირველ ტურში „ეროვნულ გაერთიანების“ მიერ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ასობით კონკურენტმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, რათა მეტი შანსი მიეცა სხვებისთვის ულტრამემარჯვენეების დასამარცხებლად.

გამარჯვების შემთხვევაში მარინ ლე პენი და მისი მოკავშირეები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებენ. არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანების” წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ათობით ოლქში გაიმარჯვეს.

მეორე ტურის წინ, ულტრამემარჯვენეების მიერ მმართველი უმრავლესობის მოპოვების აღსაკვეთად, ასობით პოლიტიკოსმა საკუთარი კანდიდატურა უფრო ძლიერი კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა.

ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და პირველი ეგზიტპოლის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.