Loading data...
საფრანგეთში მუსიკალურ ფესტივალზე 145 ადამიანს შპრიცებით დაესხნენ თავს, დაზარალებულების უმრავლესობას ქალები შეადგენენ

საფრანგეთში, ყოველწლიური მუსიკის ფესტივალის (Fête de la Musique) დროს, პოლიციას შპრიცებით თავდასხმის შესახებ 145 ადამიანმა შეატყობინა. ამის შესახებ The Guardian-ი იტყობინება.

პოლიციამ უკვე დააკავა 12 ეჭვმიტანილი და გამოძიება დაიწყო. 

დაზარალებულები ამბობენ, რომ მომხდარის შემდეგ მათ გულისრევა ჰქონდათ. რა ნივთიერება შეუყვანეს თავდასხმის მსხვერპლ ქალებს ორგანიზმში, უცნობია.

პარიზის პოლიციის ცნობით, დედაქალაქში ასეთი 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ათეულობით ქალი და არასრულწლოვანი გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ფესტივალამდე ინტერნეტში აქტიურად ვრცელდებოდა მოწოდებები ქალებზე თავდასხმისა და დაჭრისკენ.

პოლიციის ცნობით,  ფესტივალის დროს სხვადასხვა ბრალდებით 370-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალებზე შპრიცების გამოყენებით თავდასხმა განხორციელდა“, - წერს უცხოური მედია. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Euronews-ს დაუდასტურა, რომ მსხვერპლთა 80% ახალგაზრდა ქალები იყვნენ. 

თავდასხმების მოტივი უცნობია. 

მიმდინარეობს გამოძიება.