Loading data...
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება - ევაკუირებულია მოსახლეობა

მეხანძრეები საფრანგეთის ქალაქ ბორდოსა და ესპანეთის ქალაქ მადრიდის მახლობლად გაჩენილ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც მედია საფრანგეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, ბუშ-დიუ-რონის რეგიონში, ტყის ხანძრის ჩაქრობის მისიაში მონაწილეობისას მოხალისე მეხანძრე გარდაიცვალა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ქვეყანაში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით 160-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ან დაკითხეს.

„ყველა ეს ხანძარი შემთხვევითი არ არის. ზოგიერთი განზრახ არის გაჩენილი; ეს დანაშაულია, რომელიც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნა სებასტიან ლეკორნუმ.

მისი თქმით, ხანძრები ძირითადად „დაუდევრობის: სიგარეტის ნამწვის, ბარბექიუს ან უსაფრთხოების ზომების გარეშე შესრულებული სამუშაოს“ შედეგია. 

ქვეყანაში ხანძრის ლოკალიზებაში Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენებია ჩართული.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყის ხანძრების გამო, სულ მცირე, 63 152 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. 

ესპანეთის ეკოლოგიური გარდამავალი პერიოდის მინისტრმა სარა ააგესენმა განაცხადა, რომ ავილას პროვინციაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 50 000 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა, რაც მას ესპანეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძრად აქცევს. მხოლოდ ამ პროვინციაში 25 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.