საფრანგეთმა რუსეთის ბრალდებებს, რომ კიევი ლონდონის, ან პარიზის დახმარებით ბირთვული იარაღის, ან „ჭუჭყიანი ბომბის“ მიღებას ცდილობდა, უსაფუძვლო უწოდა
საფრანგეთმა უსაფუძვლო უწოდა რუსეთის ბრალდებებს უკრაინის მიმართ, რომ კიევი ლონდონის, ან პარიზის დახმარებით ბირთვული იარაღის, ან „ჭუჭყიანი ბომბის“ მიღებას ცდილობდა. ფრანგული მხარის განცხადებით, აღნიშნული ბრალდება რუსული დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითია.
ომის მეოთხე წლისთავზე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ფიქრობენ, რომ უკრაინა შეძლებს უფრო ხელსაყრელი პირობების მიღწევას, თუ კიევს ექნება „ბირთვული ბომბი, ან სულ მცირე, ე.წ. „ჭუჭყიანი ბომბი“. განცხადებაში არ იყო მოცემული დოკუმენტური მტკიცებულებები აღნიშნულის დასადასტურებლად.
„რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ეს უსაფუძვლო განცხადება აიტაცა სხვადასხვა რუსულმა პროპაგანდისტულმა საშუალებამ სოციალურ ქსელ X-ზე და ზოგიერთმა უცხოურმა საინფორმაციო სააგენტომ. რუსეთის ფედერაცია ხშირად მიმართავს დეზინფორმაციას, რათა ხელი შეუწყოს უნდობლობის ატმოსფეროს შექმნას საფრანგეთისა და მისი პარტნიორების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებების მიმართ. ეს უკანასკნელი მცდელობა ამის შესანიშნავი ილუსტრაციაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების დირექტორმა ოლივია პენიშუმ.
პენიშუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარიზი ყოველთვის პატივს სცემდა თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
საფრანგეთმა ასევე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებას, რომ ბრიტანული ჯარების უკრაინაში განლაგება ომს გაახანგრძლივებს.
„სწორედ რუსეთი აჭიანურებს ამას. მას ესკალაციისკენ მიდრეკილება აქვს საჰაერო სივრცის დარღვევებით და ზოგადად, 2024 წლის თებერვლიდან დაწყებული აგრესიით“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პასკალ კონფავრომ.
პარიზმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინაში ჯარები ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გაგზავნოს.