საფრანგეთმა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი დაავადებად აღიარა
საფრანგეთის ჯანმრთელობის დაზღვევის სამსახურმა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ოფიციალურად დაავადებად აღარა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ცნობილია კიდევ როგორც მიალგიური ენცეფალომიელიტი. დაავადებად მისი აღიარების გადაწყვეტილება საერთაშორისო რეკომენდაციებსა და ახალ სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით იყო მიღებული.
საფრანგეთის სამედიცინო სადაზღვევო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს დაავადება არ არის ფსიქიკური აშლილობა. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი აღწერილია, როგორც „ძლიერი დაღლილობის გამომწვევი მცირე ფიზიკური აქტიურობის შედეგადაც კი“.
საფრანგეთის მიალგიური ენცეფალომიელიტის ასოციაციის თავმჯდომარის, პიეტრო ტომეს თქმით, ეს ცვლილება არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება აქამდე „ფსიქოლოგიურად“ ითვლებოდა.
ამ დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია. უმეტეს შემთხვევებში, ის ვირუსული ან სხვა სახის ინფექციის შემდეგ იწყება. ასევე ის შეიძლება ქირურგიული ოპერაციის, ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენის და ფიზიკური ტრავმის შემდეგ გაჩნდეს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანები, ხშირ შემთხვევებში, აფორმებენ ბიულეტენებს და შრომით საქმიანობას წყვეტენ. ახლა საფრანგეთის ადმინისტრაციულ და სამედიცინო სისტემებში ეს ადამიანები აღიარებულები იქნებიან როგორც ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომლებსაც მუდმივი დაკვირვება ესაჭიროებათ. საფრანგეთში ქრონიკული დაღლილობის სინდრომი 200 000 ადამიანს აღენიშნება.