საფრანგეთის ულტრამემარჯვენე მერმა მიგრანტებზე დადგმული სპექტაკლი გააუქმა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა
საფრანგეთში მიგრანტების შესახებ დადგმული სპექტაკლის გაუქმებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ინგლისელ-ფრანგი დრამატურგის ალექსის მიჩალიკის პიესა „პასპორტი“ ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ გვიყვება, რომელსაც ცემის შემდეგ, კალეს ლტოლვილთა ბანაკში ტოვებენ. ბანაკი კი ცნობილია, როგორც „ჯუნგლები“.
პიესის გმირი გაღვიძებისას ვერ იხსენებს, თუ ვინ არის. ერთადერთი ნივთი, რომელიც მას თან აქვს, ლურჯი პასპორტია. ის ბანაკიდან გაქცევას და საფრანგეთში ინტეგრაციას ცდილობს, რომ გადარჩენისთვის საჭირო დოკუმენტები მიიღოს.
როგორც პიესის ავტორი ამბობს, მისი ნამუშევარი თანამედროვე საკითხებს ეხება, როგორებიცაა გადასახლება, იდენტობის შენარჩუნება უცხო ქვეყანაში, თვითგადარჩენის ინსტინქტი და ყველა ის სირთულე, რომელსაც მიგრაციაში აწყდება ადამიანი. მიჩალიკის მტკიცებით, პიესა წარმატებით იდგმებოდა პარიზში, თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში მისი დადგმა ადგილობრივმა ულტრამემარჯვენე მერმა აკრძალა, რადგან „პასპორტი“ პოლიტიკურ პროპაგანდად მიიჩნია, რომლის ადგილიც „ქალაქის კულტურულ პროგრამაში არ არის“.
მიჩალიკის თქმით, საფრანგეთის მთავრობა ერთის მხრივ ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემს და მეორეს მხრივ, ხელოვან ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს. „ხალხს აქვს უფლება, არ მოსწონდეს სპექტაკლი, თუმცა სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი ნახვის საშუალებაც უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს დრამატურგი.
მიჩალიკმა ულტრამემარჯვენე მერის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მმართველობას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ „ეს ნაბიჯი საკმაოდ ჰგავს იმას, რაც აშშ-ში ხდება. ეს ძალიან ტრამპისეული მიდგომაა“.