საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერაში ჩვენთვის „წითელი ხაზები“ არ არსებობს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ პარიზისთვის უკრაინის მხარდაჭერაში „წითელი ხაზები“ არ არსებობს და დაადასტურა, რომ ეს ასევე ეხება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებსაც. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია, „თავდაცვის ლოგიკით“, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გამოიყენოს, თუმცა არ დაადასტურა, იყო თუ არა უკვე გამოყენებული ფრანგული იარაღი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინის მხარდაჭერაზე შეზღუდვები არ უნდა დააწესონ.
კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საფრანგეთი, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის ომში საკუთარი ჯარების ჩართვას არ გამორიცხავს, ბარომ უპასუხა, რომ პარიზი „არ გამორიცხავს არანაირ სცენარს“. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეს პოზიცია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გააჟღერა.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენად ინტენსიურად და იმდენი ხნით, რამდენადაც ეს საჭირო იქნება. რატომ? რადგან ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ყოველი დამატებითი კვადრატული კილომეტრით, რომელსაც რუსული არმია იკავებს, საფრთხე ევროპას ერთი კილომეტრით უახლოვდება.
რა თქმა უნდა, თუ მეტის გაკეთება გვინდა, მეტის დახარჯვა მოგვიწევს და ვფიქრობ, რომ ამ ახალ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ბარომ ასევე თქვა, რომ პარიზი „ღიაა“ ნატოში უკრაინის გასაწევრიანებლად უფრო კონკრეტული მიწვევის იდეისთვის.
„ჩვენ ღია ვართ, გავაფართოოთ მოწვევა და ამიტომ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, უკრაინის მეგობრებთან და მოკავშირეებთან დისკუსიების დროს ჩვენ ვმუშაობთ, რომ ისინი ჩვენს პოზიციებთან უფრო ახლოს მოვიდნენ“, - თქვა ბარომ.