საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინის „სააღდგომო ზავი“ იყო არშიყობის ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა, თავიდან აეცილებინა ტრამპის მოთმინების დაკარგვა და გაბრაზება

რუსეთის მიერ უკრაინაში აღდგომის დღესასწაულზე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა იყო მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ FranceInfo-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ჟესტი ე.წ. „სააღდგომო ზავის“ შესახებ არაგულწრფელი იყო და მას მხოლოდ პოლიტიკური ქვეტექსტი ჰქონდა.
„სააღდგომო ზავი“, რომელიც მან გარკვეულწილად მოულოდნელად გამოაცხადა, იყო მარკეტინგული ოპერაცია, არშიყობის ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა, თავიდან აეცილებინა პრეზიდენტ ტრამპის მოთმინების დაკარგვა და გაბრაზება“, - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.
ცნობისთვის, პუტინმა 19 აპრილს უკრაინის წინააღმდეგ ომში 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, მაგრამ კიევი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებმა არა მხოლოდ ვერ შეასრულეს დაპირება, არამედ არაერთხელ დაარღვიეს ის ინფრასტრუქტურის დაბომბვით. უკრაინამ რუსეთი ცრუ ცეცხლის შეწყვეტასა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.