Loading data...
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროპა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების გააქტიურებასთან დაკავშირებით ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებისთვის ემზადება.

ბაროს თქმით, კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არა მხოლოდ არ დაეთანხმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, არამედ „ხუთჯერ გაზარდა უკრაინაზე დარტყმები“.

„ეს აღარ შეიძლება გაგრძელდეს. ეს უნდა შეწყდეს. ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ევროპა ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებისთვის ემზადება, რაც პირდაპირ წაართმევს ვლადიმერ პუტინს იმ რესურსებს, რომლებიც მას ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს“, - აცხადებს ფრანგი დიპლომატი.

მან დასძინა, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე პროგრესს ვერ აღწევს და პუტინი ახლა „კმაყოფილდება საცხოვრებელ უბნებში რაკეტებისა და დრონების სროლით, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში უზარმაზარ მსხვერპლს იწვევს“.

„ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ამისთვის ჩვენ გვჭირდება სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება არა მხოლოდ ნავთობის შემოსავლების, არამედ რუსეთის ფინანსური მოთამაშეების და სხვა ქვეყნების ფინანსური მოთამაშეების წინააღმდეგ“, - დასძინა ფრანგმა მინისტრმა.