Loading data...
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ზე: ჩვენი უფლებაა, ვუთხრათ არა ისტორიულ მოკავშირეს, რაც უნდა ისტორიული იყოს იგი, როდესაც მისი წინადადება მიუღებელია

საფრანგეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროპელებს აქვთ „უფლება, უთხრან არა“ თავიანთ ისტორიულ მოკავშირეს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, როდესაც ვაშინგტონი მათთვის მიუღებელი ფორმით მოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ფრანგი ელჩების წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას, ჟან-ნოელ ბარომ ხაზი გაუსვა იმას, რაც მან წლის დასაწყისის „მნიშვნელოვან მოვლენად“ შეაფასა - დისონანსი „ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ერთან, რომელთანაც ჩვენ, ევროპელებს და კიდევ უფრო მეტად ჩვენ, ფრანგებს, გვაკავშირებს ხანგრძლივი და განსაკუთრებული ისტორია, გამოჭედილი საერთო ომებსა და რევოლუციებში“.

„რამდენიმე თვეში, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა - და ეს მისი უფლებაა - გადახედოს იმ კავშირებს, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს. ასევე ჩვენი უფლებაა, ვუთხრათ არა ისტორიულ მოკავშირეს, რაც უნდა ისტორიული იყოს იგი, როდესაც მისი წინადადება მიუღებელია და როდესაც აუცილებელია, ითქვას არა“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.