საფრანგეთის პროკურატურა ცნობილი რეჟისორის, ლუკ ბესონის წინააღმდეგ საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს
საფრანგეთის პროკურატურა მოითხოვს, რომ ცნობილი რეჟისორის, ლუკ ბესონის წინააღმდეგ გაუპატიურების მუხლით გამოძიება კვლავ განახლდეს. ამის შესახებ Le Monde იუწყება.
ამის მიზეზი დნმ-ის ანალიზის შედეგები გახდა, რომელმაც, შესაძლოა, მსახიობის, სენდ ვან როის განცხადება დაადასტუროს, რომ ბესონმა ის გააუპატიურა.
პარიზის სააპელაციო სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას 2 ივნისს განიხილავს.
სენდ ვან როიმა, რომელიც ფილმებში „ტაქსი-5“ და „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“ ეპიზოდურ როლებს ასრულებს, ლუკ ბესონი 2018 წელს გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
მსახიობის თქმით, რეჟისორმა მასთან სქესობრივი კავშირი სასტუმრო „ბრისტოლში“ დაამყარა. მსახიობი ამბობს, რომ რეჟისორთან შეხვედრის დროს ჩაი დალია და გონება დაკარგა.
2018 წელს ჩატარებული წინასწარი გამოძიების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. მას შემდეგ, რაც სენდ ვან როიმა სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა, 2021 წელს საქმე აღძრეს, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო დახურეს.
პროექტმა Mediapart-მა გამოაქვეყნა ინტერვიუების ციკლი, სადაც ლუკ ბესონი სქესობრივ ძალადობაში კიდევ რვა კაცმა და ქალმა დაადანაშაულა. ამასთანავე, Mediapart-ს ამ საქმეთა დეტალები არ გამოუქვეყნებია, რადგანაც დანაშაული ჯერჯერობით ხანდაზმული არ არის.
თავად ლუკ ბესონი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.