საფრანგეთის პოლიციამ ლუვრის ბილეთებთან დაკავშირებული მასშტაბური თაღლითური სქემა გამოავლინა
ლუვრის ბილეთების სავარაუდო თაღლითური სქემის გამოძიების ფარგლებში, პარიზის პროკურატურამ ცხრა პირის დაკავების შესახებ გამოაცხადა. საქმე ეხება ათი წლის განმავლობაში მოქმედ სქემას, რომლის გამოც მსოფლიოში ყველაზე მონახულებად მუზეუმს 10 მილიონ ევროზე მეტი ზარალი მიადგა.
პროკურატურის ცნობით, დაკავებები სამშაბათს განხორციელდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც 2024 წელს, ლუვრის სარჩელის საფუძველზე დაიწყო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მუზეუმისთვის მიყენებული ზიანი 10 მილიონ ევროზე (11.8 მილიონი აშშ დოლარი) მეტია.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ლუვრის ორი თანამშრომელი, რამდენიმე გიდი და ერთი პირი, რომელიც ეჭვმიტანილია თაღლითობის ორგანიზებაში.
მუზეუმმა, გამომძიებლებს ორი ჩინელი ტურისტული გიდის ხშირი ყოფნის შესახებ აცნობა, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ მუზეუმში ჩინელი ტურისტების ჯგუფების მოყვანაში და თაღლითური სქემით ერთი და იგივე ბილეთების რამდენჯერმე გამოყენებაში. მოგვიანებით, მსგავს საქმიანობაში სხვა ტურისტული გიდებიც გახდნენ ეჭვმიტანილები.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ თვალთვალმა და სატელეფონო მოსმენებმა დაადასტურა ბილეთების განმეორებითი გამოყენება და ტურისტული ჯგუფების დაყოფის აშკარა სტრატეგია, რათა თავიდან აეცილებინათ გიდებისთვის დაწესებული სავალდებულო „შესრულების საფასურის“ გადახდა. გამოძიებამ, ლუვრში, ასევე, გამოავლინა სავარაუდო თანამზრახველები, რომლებსაც გიდები ნაღდ ფულს უხდიდნენ ბილეთების შემოწმებისგან თავის არიდების მიზნით.