საფრანგეთის ქალაქ ლიონში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ქალაქ ლიონში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, იუწყება Reuters.
აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა, ზოგიერთი მათგანი კი მთლიანად შავებში იყო გამოწყობილი და სახე დაფარული ჰქონდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიონში პოლიციას რამდენიმე ასეული რადიკალურად განწყობილი მომიტინგე დაუპირისპირდა. სამართალდამცველებმა ძალადობა აღკვეთეს, თუმცა ვითარება კვლავ დაძაბულია.
უწყების ცნობითვე, ქალაქ ტულუზასთან მდებარე ერთ-ერთ სკოლაში პიროტექნიკის სროლის შედეგად ხანძარი გაჩნდა. შენობიდან მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია გახდა საჭირო, ვიდრე მეხანძრეები ცეცხლს აქრობდნენ.
პარიზში ფრანგი უფროსკლასელები და სხვა დემონსტრანტები, რომლებმაც ქუჩა ნაგვის ურნებით გადაკეტეს, საპოლიციო ძალებს დაუპირისპირდნენ.
ეიფელის კოშკი გაფიცვის გამო დაიხურა.
„მთავრობა შეეცადა დემონსტრაციების დაბლოკვას. დემონსტრაციები კი იმაზე მასშტაბურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფი ბინემ, პროფკავშირების გაერთიანება CGT-ის ხელმძღვანელმა. მისი შეფასებით, საფრანგეთის მასშტაბით აქციებში დაახლოებით 250 000 ადამიანი მონაწილეობდა.
საფრანგეთში პროფკავშირების მიერ ორგანიზებული და სტუდენტური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი საყოველთაო საპროტესტო აქციები და საჯარო სექტორში დასაქმებულთა გაფიცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოვრების ხარჯებთან, საჯარო მომსახურებებსა და განათლებასთან დაკავშირებულმა დემონსტრაციებმა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მწვავე სამოქალაქო არეულობა გამოიწვია.