Loading data...
სანქციების მოხსნა და ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მარშრუტი - ირანი მოლაპარაკებების განახლების პირობებს ასახელებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ესმაილ ბაგაი აცხადებს, რომ გუშინ აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას ირანმა მოლაპარაკებების განახლების პირობები „ისე მკაფიოდ დააფიქსირა, რომ არც ეჭვისა და არც ორაზროვნების ადგილი დარჩენილა და არცერთ მხარეს არ დაუტოვებია საბაბი ან მიზეზი“ მოლაპარაკებების თავიდან ასაცილებლად.

მისი მტკიცებით, შეხვედრა მხოლოდ ორ საათს გაგრძელდა და არა სამს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი წერს, რომ ომი „ყველა ფრონტზე“ უნდა დასრულდეს, რაც ისრაელის მიერ „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციების შეწყვეტასაც გულისხმობს.

ის იმეორებს ირანის მოთხოვნებს, რომ მოლაპარაკებების განახლებისთვის აშშ-მ უნდა შეწყვიტოს ირანის პორტების ბლოკადა და ეკონომიკური სანქციები, ასევე, ირანის გაყინული აქტივები უნდა გათავისუფლდეს.

მისივე თქმით, აშშ უნდა დათანხმდეს ჰორმუზის სრუტეში „უსაფრთხო საზღვაო მარშრუტის“ შექმნას, რომლის პირობებსაც ირანი და ომანი განსაზღვრავენ.