1757444505
უცხოეთი
სანდუ: მოლდოვა პუტინის მუქარას ვერ გაუძლებს, თუ ევროკავშირში არ გაწევრიანდება

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის აგრესიის პირობებში გადარჩენისთვის ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს.
„სწორედ ამიტომ ჩვენი ევროპული გზა მხოლოდ ღირებულებების საკითხი არ არის, ეს გადარჩენის საკითხია“, - აღნიშნა სანდუმ სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლმა „ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა ჰიბრიდული თავდასხმების მთელი არსენალი“.
„ჩვენ წინაშე დგას შეუზღუდავი ჰიბრიდული ომი, ისეთი მასშტაბის, როგორიც უკრაინაში შეჭრამდე არ ყოფილა“, - აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი.
სანდუმ აღნიშნა, რომ მოსკოვის მიზანი ნათელია - „მოლდოვა საარჩევნო ყუთის მეშვეობით დაიპყროს, უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს და ევროკავშირზე ჰიბრიდული თავდასხმების სასტარტო პლატფორმად აქციოს“.