Loading data...
„სანამ ომი არ დასრულდება, უკრაინის მიწაზე არცერთი გერმანელი ჯარისკაცი არ იქნება“ - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მას შეუძლია წარმოიდგინოს გერმანელი ჯარისკაცები უკრაინაში, მაგრამ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

„მინდა, ერთი რამ მკაფიოდ განვაცხადო, სანამ ომი არ დასრულდება, უკრაინის მიწაზე არცერთი გერმანელი ჯარისკაცი არ იქნება. ჩნდება კითხვა, როდის უნდა დადგეს ზავი ან მშვიდობა - და როდის გახდება ნათელი, როგორ გამოიყურება ეს. მაგალითად, იქნება თუ არა გამყოფი ხაზი, ბუფერული ზონა ან სამშვიდობო ზონა, სადაც შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ მშვიდობას? როგორც ხედავთ, აქ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კითხვაა განცხადების გასაკეთებლად“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

როგორც პისტორიუსმა დასძინა, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მაინც პარლამენტი მიიღებს.

„ერთი რამ ცხადია: გერმანია, როგორც ნატოს უდიდესი ქვეყანა ევროპაში და უდიდესი ეკონომიკა ევროპაში, ვერ გადგება განზე“, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო მისიაში დასავლელი ჯარისკაცების მონაწილეობის შესახებ კითხვაზე პასუხისას, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ყოველთვის საჭიროა სწორი თანმიმდევრობით მოქმედება.

მისი თქმით, უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს, რა არის მისი მიზნები იმ მშვიდობასთან დაკავშირებით, რომელიც არ იქნება ვინმე მიერ ნაკარნახევი.