Loading data...
სამხრეთ კორეის პროკურორები ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილით დასჯას ითხოვენ

სამხრეთ კორეის პროკურორები ყოფილი პრეზიდენტის იუნ სოკ იოლის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. მას ბრალი ედება „აჯანყების მცდელობაში“, როდესაც გასულ წელს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი წერს. 

ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის სპეციალურმა პროკურორებმა აჯანყების ლიდერად იუნ სოკ იოლი დაასახელეს, რომელიც ხელისუფლებაში დარჩენას სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე კონტროლის ხელში ჩაგდებით გეგმავდა.

ამის გათვალისწინებით, პროკურორები ყოფილი პრეზიდენტისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. სპეციალური პროკურორის ჩო ეუნ სუკის გუნდის წარმომადგენლებმა ამის შესახებ საქმის საბოლოო მოსმენაზე განაცხადეს, რომელიც 13 იანვარს სეულის ცენტრალურ სასამართლოში გაიმართა.

როგორც ცნობილია, 2024 წლის 3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მან მიზეზად კონსტიტუციური წესრიგის დაცვის აუცილებლობა დაასახელა, ამავდროულად კი პარლამენტში ოპოზიციური ძალები ჩრდილოეთ კორეისადმი ლოიალობასა და მთავრობის მუშაობის ბლოკირებაში დაადანაშაულა.

თუმცა „სამხედრო გადატრიალება“ სრული ფიასკოთი დასრულდა, რადგან სამხედროებმა პარლამენტის ბლოკირება ვერ შეძლეს, რათა დეპუტატებისთვის საომარი მდგომარეობის გაუქმებაში ხელი შეეშალათ. პარლამენტის შესასვლელთან მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო, შენობის ბლოკადა ჩაიშალა. ექვსი საათის შემდეგ პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გააუქმა და ხალხს ბოდიში მოუხადა. ამის შემდეგ იუნ სოკ იოლი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. იგი მალევე ღალატის ბრალდებით დააკავეს.