სამიტისთვის „ყველა ვარიანტი“ ღია რჩება, მათ შორის ტრამპის მიერ შეხვედრის დატოვება - აშშ-ის ოფიციალური პირი

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ალასკაში სამიტის დროს „ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება“, მათ შორის ტრამპის მიერ შეხვედრის დატოვება, თუ ის არ დაინახავს, რომ პუტინი შეთანხმების დადებას სერიოზულად აპირებს.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 14 აგვისტოს, ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ამ შესაძლებლობაზე მიანიშნა.
„ჩვენ გავარკვევთ, თუ რა პოზიციას იკავებს თითოეული მხარე და ამას პირველი ორი, სამი, ოთხი, თუ ხუთი წუთის განმავლობაში გავიგებ. ვცდილობთ, გავიგოთ, კარგი შეხვედრა გვექნება, თუ ცუდი და თუ ეს ცუდი შეხვედრა იქნება, ის ძალიან სწრაფად დასრულდება, ხოლო თუ კარგი შეხვედრა იქნება, ჩვენ უახლოეს მომავალში მშვიდობას მივაღწევთ“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თეთრი სახლი შეხვედრის მიმართ ფრთხილი ოპტიმიზმით არის განწყობილი. მისივე თქმით, ტრამპს მიაჩნია, რომ პუტინთან ერთად ოთახში ყოფნა სჭირდება, რათა შეაფასოს, თუ რას ფიქრობს ის ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით.