Loading data...
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება სამხედრო დახმარების სრულ შეწყვეტას არ ნიშნავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება სამხედრო დახმარების სრულ შეწყვეტას არ ნიშნავს.

„ჩვენ არ შეგვიწყვეტია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ეს არის ერთი ასპექტი, ერთი სიტუაცია, ერთი მოვლენა, რომელიც შეიცვალა. როგორც თავდაცვის სამინისტროდან მოისმინეთ, არსებობს მრავალი სხვა ძლიერი ვარიანტი და ძალისხმევა უკრაინასთან და იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება „პეტრიოტის“ რაკეტების მიმართ“.

ბრიუსმა დასძინა, რომ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების სრულ შეწყვეტაზე საუბარი არ არის.

„ეს არის ერთი მოვლენა ერთ სიტუაციაში და ჩვენ განვიხილავთ, თუ რა მოხდება შემდეგ“, - განაცხადა მან.