საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ კმაყოფილები არ ვიქნებით, თუ აშშ თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვას გადაწყვეტს
„საბერძნეთი არ იქნება კმაყოფილი, თუ შეერთებული შტატები თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას გადაწყვეტს“,- ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა.
„საბერძნეთს არ უხარია, რომ თურქეთმა შესაძლოა F-35-ის ტიპის გამანადგურებლები მიიღოს. საბერძნეთს არც ის უხარია, რომ თურქეთმა, შესაძლოა, ახალი თაობის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის ძრავები მიიღოს. ჩვენი საერთო მიდგომა კი ასეთია - არ უნდა განვსაჯოთ, რას აკეთებს შეერთებული შტატები და ვის მიყიდის შეიარაღებას. ეს აშშ-ის მთავრობის გადასაწყვეტია. ჩვენ მხოლოდ ერთ კითხვას ვსვამთ: შეესაბამება თუ არა ეს ამერიკის შეერთებული შტატების რეალურ ინტერესებს - დიახ თუ არა?“, - აცხადებს საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი.
მისი თქმით, ნატო და კერძოდ, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სტაბილურობა აშშ-ის მთავრობისთვის პრიორიტეტია.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების საკითხს განიხილავს. შესაბამისი განცხადება მან 7 ივლისს, ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ტრამპის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა საკითხი განხილვის პროცესშია.
„ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ. ეს შესანიშნავი თვითმფრინავია, საუკეთესო, რაც კი შექმნილა, და ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.