Loading data...
სააღდგომო ზავის დაწყების შემდეგ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს აგრძელებს - უკრაინული მხარე

ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, სააღდგომო ზავის გამოცხადების შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიში მიიტანეს.  

როგორც პროკუდინი იტყობინება, უკრაინაში რუსეთის მიერ დრონებით იერიშები 18:00 საათის შემდეგაც გრძელდება.

„ასე გამოიყურება რუსული სააღდგომო ზავი ხერსონის ოლქში“, – წერს პროკუდინი და ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც რუსეთის იერიშის შედეგად ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. 

19 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა.

„დღეს 18:00 საათიდან – კვირის 00:00 საათამდე რუსეთი სააღდგომო ზავს აცხადებს. ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდება ყველა საბრძოლო მოქმედება“, – განაცხადა პუტინმა.