რუტეს განცხადებით, ნატო მზადაა, „დააშინოს“ რუსეთი, რათა მან ალიანსის საჰაერო სივრცის დარღვევა შეწყვიტოს

ნატო მზადაა, „დააშინოს“ რუსეთი, რათა თავიდან აიცილოს პროვოკაციების გაგრძელება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება Sky News-ი.
„რა თქმა უნდა“, - უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა კითხვას, მზად არის თუ არა ნატო უფრო მკაცრი რეაგირებისთვის.
„მაგრამ ჩვენ ეს ყოველთვის სიტუაციის შეფასებით უნდა გავაკეთოთ“, - დასძინა მან.
რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ნატოს პილოტებმა, რომლებმაც ესტონეთის საჰაერო სივრციდან რუსული თვითმფრინავები გააცილეს, „დაუყოვნებელი საფრთხე“ ვერ შენიშნეს.
„ესტონეთის საჰაერო სივრცის ბოლო დარღვევის დროს ნატოს ძალებმა ოპერატიულად დააკავეს და ესკორტირება გაუწიეს თვითმფრინავს კონფლიქტის ესკალაციის გარეშე, რადგან უშუალო საფრთხე არ არსებობდა“, - აღნიშნა მან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნაადრევია იმის თქმა“, დაკავშირებულია თუ არა დანიაში დრონის შეჭრის ინციდენტი რუსეთის პროვოკაციებთან.
„დანიელები ამჟამად მომხდარს აფასებენ“, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრის დაწყებამდე.