Loading data...
რუტემ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ტრამპის მოწოდებას უკრაინისა და რუსეთის მიმართ, „გაჩერდნენ იქ, სადაც არიან“

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ სრულად დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას უკრაინისა და რუსეთის მიმართ, „გაჩერდნენ იქ, სადაც არიან“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო მარტივი, მაგრამ აუცილებელი გზავნილი რეალური მოლაპარაკებების დასაწყებად.

„პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] ამ შაბათ-კვირას სრულიად ნათლად განაცხადა: გაჩერდით იქ, სადაც ხართ. ეს მარტივად ჟღერს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზუსტად ეს არის საჭირო“, - აღნიშნა რუტემ.

მან აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება ტრამპს.

„დარჩით იქ, სადაც ხართ - ეს არის მთავარი გზავნილი. და კიდევ ერთხელ, ჩვენ დღეს შუადღისას გავაგრძელებთ დიალოგს და მე აქ ვარ, რათა დავეხმარო მას ყველაფრის განხორციელებაში, რისი გაკეთებაც ნატოს შეუძლია - პირადად მე, მუდმივი წარმომადგენელი, ყველა ჩვენგანი - რათა დავეხმაროთ მას ამ ხედვის რეალიზებაში“, - დასძინა გენერალურმა მდივანმა.