Loading data...
რუტე: უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია პუტინის ნატოზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპას მოუწოდა, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კონტინენტი უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.

„უკრაინა ძლიერი უნდა დარჩეს, რათა რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ალიანსის წევრზე თავდასხმა ვერ შეძლოს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მან, ასევე, ისაუბრა ნატოს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე.

„თუ ამ ორ რამეს გავაკეთებთ, საკმარისად ძლიერები ვიქნებით და პუტინი არასდროს ეცდება ნატოზე თავდასხმას“, - აღნიშნა რუტემ.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ევროპის გადაიარაღება სწრაფად უნდა მოხდეს და დასძინა, რომ სხვადასხვა სადაზვერვო შეფასებით, უსაფრთხოების მდგომარეობა, შესაძლოა, 2027 წლისთვის გაუარესდეს.

რუტემ განაცხადა, რომ მოსკოვი ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტის 40%-ზე მეტს თავდაცვაზე ხარჯავს.

მან დასძინა, რომ უკრაინაში ომმა აჩვენა პუტინის მზადყოფნა, შეეგუოს მძიმე დანაკარგებს და მოიყვანა შეფასებები, რომ დაახლოებით 1.1 მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.