რუტე: სამშვიდობო შეთანხმებამ შესაძლოა, დე ფაქტო აღიაროს რუსეთის კონტროლი უკრაინის ნაწილებზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ 15 აგვისტოს ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი სამიტი მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება უკრაინაში ომის დასრულებისთვის. ამის შესახებ მან ABC News-ის ეთერში განაცხადა.
„მომავალი პარასკევი [15 აგვისტო] მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს პუტინისთვის გამოცდა იქნება, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი ამ საშინელი ომის დასრულების მიმართ“, - აღნიშნა რუტემ.
„როდესაც საქმე სრულფასოვან მოლაპარაკებამდე მივა და ვიმედოვნებთ, რომ პარასკევი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პროცესში... საუბარი იქნება ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ ასევე იმის აღიარების აბსოლუტურ აუცილებლობაზე, რომ უკრაინა თავად წყვეტს საკუთარ მომავალს, რომ უკრაინა უნდა იყოს სუვერენული სახელმწიფო, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ გეოპოლიტიკურ მომავალს - რა თქმა უნდა, შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვის გარეშე. და ნატოსთვის არ უნდა არსებობდეს არანაირი შეზღუდვა აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენს ყოფნასთან დაკავშირებით“, - დასძინა რუტემ.
ნატოს გენმდივანმა ასევე აღიარა ის რეალობა, რომ რუსეთი აკონტროლებს უკრაინის ომამდელი ტერიტორიის ნაწილს.
„კითხვა იქნება, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მათ შორის, რას ნიშნავს ეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით“, - განაცხადა მან.
„როდესაც საუბარია ტერიტორიის საკითხზე, როდესაც საუბარია აღიარებაზე, მაგალითად, შესაძლოა, მომავალ შეთანხმებაში, რომ რუსეთი დე ფაქტო აკონტროლებს ფაქტობრივად უკრაინის ტერიტორიის ნაწილს, ეს უნდა იყოს ეფექტური აღიარება და არა დე იურე პოლიტიკური აღიარება“, - აღნიშნა რუტემ.