რუტე: პუტინი არ არის დაინტერესებული მშვიდობით და ცდილობს, უკრაინას მეტი ტერიტორია წაართვას
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობით დაინტერესებული არ არის და ცდილობს, უკრაინას მეტი ტერიტორია წაართვას. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დაწყებამდე გაიმართა.
ალიანსის გენმდივანმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მონაწილეობით სამუშაო ვახშამი გაიმართება.
რუტეს თქმით, ნატომ და ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.
„უკრაინა კიდევ ერთ გადამწყვეტ ზამთარში შედის. რუსეთის აგრესია, როგორც ჩანს, არ მცირდება. პირიქით, პუტინი ამძაფრებს თავის რიტორიკას და დაუფიქრებელ ქმედებებს. ის იყენებს უკრაინას საცდელ პოლიგონად ექსპერიმენტული რაკეტებისთვის და ამ უკანონო ომში ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებს რთავს. პუტინი მშვიდობით დაინტერესებული არ არის. ის ზეწოლას ახორციელებს, ცდილობს მეტი ტერიტორია დაიპყროს, რადგან ფიქრობს, რომ შეუძლია ჩვენი და უკრაინის სიმტკიცე დაარღვიოს, მაგრამ ის ცდება. უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, ჩვენ კი ვალდებულები ვართ, მას დავეხმაროთ“, - ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.
ამასთან დაკავშირებით, როგორც რუტემ აღნიშნა, აუცილებელია, გაგრძელდეს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა.
რუტემ გაიხსენა, რომ ვაშინგტონში მოკავშირეები შეთანხმდნენ ფინანსური ვალდებულების აღებაზე, რათა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოების დახმარება 40 მილიარდი ევროს ოდენობით - „ჩვენ ამ ვალდებულების ერთგული ვრჩებით”, - აღნიშნა რუტემ.
ის მიესალმა აშშ-ის, გერმანიის, შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ბოლო განცხადებებს ახალი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ - „ეს კარგი ამბავია”, - დასძინა რუტემ.
მისი თქმით, გერმანიის ქალაქ ვისბადენში ნატოს ახალი სარდლობა ამოქმედდა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების დახმარებასა და წვრთნებს კოორდინაციას უწევს.
„ეს ხდის ჩვენს მხარდაჭერას უფრო ძლიერს და ასევე, მდგრადს. მაგრამ ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ, განსაკუთრებით ახლა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მით უფრო ძლიერი იქნება მათი ხელი მოლაპარაკებების მაგიდასთან და უფრო სწრაფად შევძლებთ, ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას უკრაინაში ერთხელ და სამუდამოდ“, - ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.
ამასთან, ნატოს გენმდივანმა განაცხადა, რომ უკრაინას ძალიან რთული ზამთარი ელის, რადგან რუსული თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გრძელდება - „მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დავიცვათ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა.
რუტეს თქმით, ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს უკრაინის გაძლიერებაზე, რადგან რუსები ნელ-ნელა მიიწევენ დასავლეთისკენ აღმოსავლეთის ფრონტზე, თუმცა მათ აქვთ დიდი დანაკარგები.
„მაშასადამე, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა ძლიერ პოზიციას დაიკავებს“, - თქვა რუტემ და დასძინა, რომ უკრაინის მთავრობის გადასაწყვეტია, როდის უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან მომავალში.