Loading data...
რუტე ნატოს მოკავშირეებს: რუსულ რაკეტას ჰააგამდე მისაღწევად 5-10 წუთი სჭირდება, საფრთხე იზრდება

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ალიანსის მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსული უახლესი სარაკეტო ტექნოლოგიების გამო საფრთხე ემუქრებათ იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც რუსეთს პირდაპირ არ ესაზღვრებიან. ამის შესახებ რუტემ ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რუსების მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.

„ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები ამ საკითხში. შესაძლოა, გარკვეულ მომენტში ეს ლუქსემბურგსაც და ჩემს ქვეყანასაც, ნიდერლანდებსაც, შეეხოს. ამჟამად ყველანი უსაფრთხოდ ვართ, გვგონია, რომ რუსეთიდან შორს ვართ, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ, განსაკუთრებით უახლესი რუსული სარაკეტო ტექნოლოგიების კონტექსტში. ლიეტუვასა და ლუქსემბურგს, ჰააგას, ან მადრიდს შორის სხვაობა ახლა ხუთიდან ათ წუთამდეა - ზუსტად ამდენი დრო სჭირდება რაკეტას, რომ მიაღწიოს ევროპის ამ ნაწილებს“, - აღნიშნა რუტემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრთხე ალიანსის ყველა წევრს ეხება, მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად. რუტემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება ნატოს ინტერესების მიმართ.

„უსაფრთხო შეერთებულ შტატებს სჭირდება უსაფრთხო ატლანტიკური ოკეანე, უსაფრთხო ევროპა და უსაფრთხო არქტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად შეერთებული შტატები რისკის ქვეშ აღმოჩნდება“, - დასძინა მან.