რუტე: ნატომ რუსეთს საბრძოლო მასალის წარმოებით გადაასწრო
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები საბრძოლო მასალის წარმოებაში ცვლილებებს ახორციელებენ. ახლა ალიანსი ამ საკითხში რუსეთს ფეხდაფეხ მიჰყვება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ინდუსტრიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უკვე ვცვლით ვითარებას საბრძოლო მასალის მხრივ. ცოტა ხნის წინ რუსეთი უფრო მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებდა, ვიდრე ნატოს ყველა მოკავშირე ერთად. თუმცა ეს ასე აღარ არის. ალიანსის მასშტაბით ამჟამად ათობით ახალ საწარმოო ხაზს ვხსნით და არსებულებს ვაფართოებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.
კერძოდ, როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატოს ქვეყნები ამჟამად უფრო მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებენ, ვიდრე წინა ათწლეულებში.
რუტეს თქმით, ასეთი პროგრესი სხვა მიმართულებებითაც უნდა განვითარდეს - მაღალი ხარისხის საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან დაწყებული იაფფასიანი გამანადგურებელი დრონებით დამთავრებული.
მან დასძინა, რომ რესურსების რაოდენობა გადამწყვეტია და ამ მხრივ, კრეატიულობა კიდევ ერთი მამოძრავებელი ფაქტორია. „საქმე ინოვაციის ძალას ეხება“, - განაცხადა რუტემ.
„ჩვენ უნდა დავამარცხოთ ჩვენი მოწინააღმდეგეები და გამოვიყენოთ მთელი ჩვენი ძალა, რათა მომავალში უსაფრთხოება შევინარჩუნოთ“, - დასძინა მან.