Loading data...
რუტე ლონდონში სიტყვით გამოსვლისას ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემების 400%-ით გაზრდის აუცილებლობის შესახებ განაცხადებს - Reuters

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე 9 ივნისს ლონდონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადებს, რომ სამხედრო ალიანსს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების 400%-ით გაზრდა სჭირდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება, რომელმაც მისი გამოსვლის ამონარიდები ნახა.

რუტე მოუწოდებს წევრებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 3.5%-მდე და დამატებით 1.5% გამოყონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფრო ფართო ხარჯებისთვის, რათა დააკმაყოფილონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდის თაობაზე. გასულ თვეს რუტემ განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, ეს მიზანი ჰააგაში 24-25 ივნისს დაგეგმილ სამიტზე შეთანხმდება.

9 ივნისს ლონდონის ანალიტიკურ ცენტრ „ჩატემ ჰაუსში“ გამოსვლისას რუტე აღნიშნავს, რომ ეფექტური შეკავებისა და თავდაცვის შესანარჩუნებლად ნატომ „საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა 400%-ით უნდა გაზარდოს“.

ის იტყვის, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე „ტერორს ციდან ახორციელებს“, ამიტომ ნატომ უნდა გააძლიეროს ფარი, რომელიც მის ცას იცავს. 

„ფაქტია, რომ ჩვენს კოლექტიურ თავდაცვაში კვანტური ნახტომი გვჭირდება. ფაქტია, რომ ჩვენი თავდაცვის გეგმების სრულად განსახორციელებლად მეტი ძალები და შესაძლებლობები უნდა გვქონდეს. ფაქტია, რომ საფრთხე უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც კი არ გაქრება.

ჩვენს არმიებს ასევე სჭირდებათ ათასობით დამატებითი ჯავშანტექნიკა და ტანკი, მილიონობით საარტილერიო ჭურვი, ასევე, დამხმარე შესაძლებლობების გაორმაგება - როგორებიცაა ლოგისტიკა, მომარაგება, ტრანსპორტი და სამედიცინო მხარდაჭერა“, - ნათქვამია რუტეს მიერ წარმოსათქმელ მოხსენებაში.