რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიესა და ხმელნიცკზე იერიში მიიტანეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის ორ რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანეს.
ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, რუსული დრონის იერიშის შედეგად დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 6-მდე გაიზარდა.
„დრონების გამო განგაშის სიგნალია 2 საათზე მეტია მოქმედებს. სხვადასხვა ადგილას ექვსი ადამიანი დაშავდა. ყველას უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება“, - დაწერა მან Telegram-ზე.
გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხმელნიცკზეც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ხმელნიცკზე რუსული დრონის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
„რუსულმა დრონმა ხმელნიცკში საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. შენობის ერთ-ერთ შესასვლელში კიბე და ჭერი დაინგრა, ფანჯრები კი ჩაიმსხვრა. შვიდი ადამიანი დაშავდა. რუსეთმა ასევე შეუტია ხმელნიცკში არსებულ ბიზნესებს“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.