რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს შეუტიეს, ერთი მეზღვაური დაიღუპა, 7 კი დაშავდა - Unian
რუსულმა ძალებმა რეაქტიული დრონებით შავ ზღვაში სამოქალაქო გემზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც ერთი მეზღვაური დაიღუპა, ეკიპაჟის სხვა წევრები კი დაშავდნენ.
როგორც ინფორმირებულმა წყარომ უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Unian-ს განუცხადა, რუსებმა იერიში კომერციულ სამოქალაქო გემზე მიიტანეს, რომლის ეკიპაჟშიც თურქეთის მოქალაქეები იყვნენ.
ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად დაზიანდა მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი კომერციული გემი, რომელსაც საკვები ზეთი გადაჰქონდა.
„დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. სამოქალაქო გემებსა და პორტის ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული დარტყმების განხორციელებით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას“, - ხაზგასმით აღნიშნა კიპერმა.