რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში ორ პორტს შეუტიეს - დაზიანდა მარცვლეულის გადამზიდი გემი
რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში იუჟნისა და ჩერნომორსკის პორტებზე დრონებით იერიში მიიტანეს. ასევე, დაზიანდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო მარცვლეულის გადამზიდი გემი, - აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსეი კულება.
„წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მაშველები იმყოფებიან და სამუშაოები გრძელდება“, - იტყობინება კულება ტელეგრამზე.
მისივე თქმით, ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოში ნავთობის შესანახი ავზებიც დაზიანდა.
ამასთან, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის ინფორმაციით, 30 დეკემბრის დილას რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით, ოდესის ოლქზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს. რუსებმა სამრეწველო და პორტის ინფრასტრუქტურას ზიანი მიაყენეს.
„ოდესის რეგიონი ყოველდღიურად ხდება დრონების თავდასხმების სამიზნე“, - წერს მედია.