Loading data...
„რუსული ზონა უკვე არსებობს“ - ორბანი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა „სამ ზონად დაიყოფა“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად მისი ტერიტორია სამ ზონად დაიყოფა - რუსულ, დემილიტარიზებულ და დასავლურ ზონებად, იუწყება Magyar Nemzet.

მისი თქმით, ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიები უკვე აღიარებს „რუსული ზონის“ არსებობას და ახლა მხოლოდ მისი ზომა და ფორმატი განიხილება. ორბანმა აღნიშნა, რომ ე.წ. დემილიტარიზებული ზონის საკითხიც ღიად რჩება.

„როგორც ჩანს, უკრაინის ბედი გადაწყვეტილია. დღეს ევროპაში „ელეგანტურად“ საუბრობენ უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ ეს გარანტიები სინამდვილეში უკრაინის გაყოფას ნიშნავს. უკრაინის გაყოფის შედეგად წარმოიქმნება რუსული ზონა, დემილიტარიზებული ზონა და დასავლეთის ზონა. რუსული ზონა უკვე არსებობს. დღეს დებატები მხოლოდ იმაზეა, თუ რამდენ რეგიონს უნდა მოიცავდეს ის“, - ხაზგასმით აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, ორბანმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება და აღნიშნა, რომ ეს რუსეთთან ომს გამოიწვევს და ევროპის ეკონომიკას გაანადგურებს. ამავდროულად, მან მოუწოდა რუსეთთან შეთანხმების მიღწევას, რომელიც ითვალისწინებს „სტრატეგიულ თანამშრომლობას და უკრაინისთვის უარს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე“.